პარტნიორობა მობილობისათვის

„პარტნიორობა მობილობისათვის" (Mobility Partnership) ფარგლებში თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას და ლეგალური მიგრაციის წახალისებას, მათ შორის „ცირკულარული მიგრაციის" შესაძლებლობების გამოყენებით.

2007 წლის 16 მაისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა კომუნიკე „ცირკულარული მიგრაცია და პარტნიორობა მობილობისათვის ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის" (Circular Migration and Mobility Partnerships between the European Union and Third Countries), რომელიც მიზნად ისახავდა მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას, მიგრაციის ნაკადების მართვისა (აღრიცხვა, მონიტორინგი, ანალიზი, პოლიტიკის ჩამოყალიბება) და ლეგალური მიმოსვლის შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ასევე, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის ეფექტიანობის ზრდას.

საქართველოსთან მობილობის საკითხებზე კონსულტაციების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება, ევროკავშირის მიერ 2008 წლის 5-6 ივნისს, სამართლისა და საშინაო საქმეების საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული.

2009 წელს, „პარტნიორობა მობილობისათვის" ინიციატივის თაობაზე გამართული კონსულტაციების შედეგად, საბოლოოდ შეთანხმდა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი, რომელსაც ხელი 2009 წლის 30 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში მოეწერა.

2010 წლის 16 თებერვალს, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალურად გაიხსნა თანამშრომლობა „პარტნიორობა მობილობისათვის" ფარგლებში.

ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, „პარტნიორობა მობილობისათვის" ფარგლებში საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი ევროკომისიასთან ერთად, ევროკავშირის 16 წევრმა სახელმწიფომ გამოთქვა.

„პარტნიორობა მობილობისათვის" ინიციატივა ითვალისწინებს თანამშრომლობას მიგრაციასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მიგრაციის მართვა, შრომითი მიგრაცია, რეადმისია, რეინტეგრაცია, დიასპორა, დოკუმენტების უსაფრთხოება, მიგრაციის ერთიანი საინფორმაციო ბაზა და ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირთან, შრომის ბაზარი და პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების საკითხები.

აღსანიშნავია, რომ „პარტნიორობა მობილობისათვის" ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას, მათ შორის ე.წ. „ცირკულარული მიგრაციის" საშუალებით. ეს სქემა იძლევა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლეგალურად დასაქმების, სწავლის, ტრეინინგების გავლისა და შემდგომ მათი საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობას. აღნიშნული სქემა, ასევე, ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

თანამშრომლობის განვითარების მიზნით, შემუშავდა „პარტნიორობა მობილობისათვის" თანამშრომლობის სქემა. სქემა წარმოდგენილია მატრიცის ფორმატით და მასში მოცემულია დეტალური ინფორმაცია ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო აქტივობების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს განახლებად დოკუმენტს და მხარეებს მიღწეული პროგრესის შესაბამისად აქვთ მასში ცვლილებების შეტანის საშუალება.

დღეისათვის, „პარტნიორობა მობილობისათვის" თანამშრომლობის სქემა მოიცავს 26 დასრულებულ, 17 მიმდინარე და 9 სამომავლო ინიციატივას.

თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, „პარტნიორობა მობილობისათვის" შესახებ დეკლარაცია ითვალისწინებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის სამუშაო შეხვედრების გამართვას. 2010 წლის 15 სექტემბერსა და 2016 წლის 22 აპრილს, ქ. ბრიუსელში მხარეებს შორის ორი მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„პარტნიორობა მობილობისათვის" თანამშრომლობა, ასევე, ითვალისწინებს საქართველოში ადგილობრივი თანამშრომლობის პლატფორმის ფუნქციონირებას, რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2012 წლის 30 იანვარს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა აღნიშნული პლატფორმის პირველი სხდომა, სადაც თანამშრომლობის მონაწილე მხარეებმა განიხილეს ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შედეგები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. ადგილობრივი თანამშრომლობის პლატფორმის მომდევნო შეხვედრა დაგეგმილია 2017 წელს.

„პარტნიორობა მობილობისათვის" ფარგლებში საფრანგეთთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, 2013 წლის 12 ნოემბერს ქ. პარიზში ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კვალიფიცირებული სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ" შეთანხმებას. შეთანხმების მთავარი კომპონენტია საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და კვოტების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისათვის ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების შექმნა (500 პირი). შეთანხმება, აგრეთვე, ითვალისწინებს ქართველი სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის ბინადრობის დროებითი უფლების მინიჭების, ახალგაზრდა სპეციალისტების ურთიერთგაცვლისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს (დამატებით 150 პირი).

 

მიმაგრებული ფაილები: