მოქალაქეთა გადაადგილება

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა მიგრაციისა და სავიზო საკითხებზე

საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო მიმოსვლის გამარტივების შესაძლებლობის თაობაზე პირველად აღნიშნული იქნა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმაში 2006 წელს (ENP AP).

ENP AP–ის შესაბამისად ჩამოყალიბდა საქართველო-ევროკავშირის სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტი, რომლის პირველი სხდომა 2008 წლის 30 აპრილს ბრიუსელში გაიმართა.

2008 წლის 1 სექტემბრის ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომის დასკვნით დოკუმენტში ხაზი გაესვა საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობას.

2008 წლის 27 ნოემბერს ევროკავშირის სამართლისა და საშინაო საქმეების საბჭომ დაამტკიცა ევროკომისიის მანდატი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

2009 წლის 2-3 აპრილს, ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი რაუნდი.

2010 წლის 17 ივნისს ხელი მოეწერა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას.

2010 წლის 22 ნოემბერს ხელი მოეწერა რეადმისიის შესახებ შეთანხმებას. ორივე შეთანხმება 2011 წლის 1 მარტს შევიდა ძალაში.

სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებს შემდეგ შეღავათებს:

♦ყველა განმცხადებლისათვის განახევრდა ვიზის საფასური, რომელიც შეადგენს 35 ევროს. დაკონკრეტდა ოფიციალური მოწვევისათვის საჭირო დოკუმენტები;
♦უფრო ფართოდ არის გამოყენებული ხანგრძლივ ვადიანი (1-5 წლამდე) ვიზების გაცემის პრაქტიკა;
♦გარკვეულ კატეგორიებზე ვიზები გაიცემა უფასოდ, მათ შორის პენსიონერებზე, ბავშვებზე, ავადმყოფებზე, ახლო ნათესავებზე, მოსწავლეებზე, სტუდენტებზე, სპორტსმენებზე, მეცნიერებზე, კულტურის დარგის წარმომადგენლებზე და ასე შემდეგ;
♦დიპლომატიური პასპორტის მფლობელები გათავისუფლებულნი არიან სავიზო ვალდებულებისაგან;
♦სავიზო მოთხოვნის განხილვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 10 დღით;
♦ჩამოყალიბდა საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტი, რომელიც აღნიშნული ხელშეკრულების შესრულებას აკონტროლებს და სადაც საქართველოს საშუალება აქვს უსამართლოდ არგაცემულ ვიზებთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს.

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად საქართველოს მოქალაქეთა მოცემული კატეგორიებისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
♦ახლო ნათესავებისათვის-მეუღლე, შვილები, აყვანილის ჩათვლით, მშობლები, მეურვეთა ჩათვლით, ბებია-ბაბუები, შვილიშვილები, რომლებიც წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სტუმრობენ:
- წერილობითი თხოვნა მასპინძელი პირისაგან.
♦ოფიციალური დელეგაციის წევრებისათვის, რომლებმაც საქართველოს სახელზე გაცემული ოფიციალური მოწვევის საფუძველზე მონაწილეობა უნდა მიიღონ შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებსა, თუ გაცვლით პროგრამებში, ასევე, შიდასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებებში:
- საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტი არის იმ დელეგაციის წევრი, რომელიც მიემგზავრება წევრ ქვეყანაში აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. წერილს თან უნდა ახლდეს ოფიციალური მოწვევის ასლი.
♦მოსაწავლეების, სტუდენტების, ასპირანტების და ასევე მათი თანმხლები მასწავლებლებისათვის, რომლებიც მიემგზავრებიან წევრ ქვეყნებში სასწავლო და საგანმანათლებლო ტრენინგებში, გაცვლით პროგრამებში და სხვა სახის სასწავლო საქმიანობებში მონაწილეობის მისაღებად:
- წერილობითი თხოვნა მასპინძელი უნივერსიტეტის, კოლეჯის ან სკოლისგან, ან ჩარიცხვის დამადასტურებელი მოწმობა, ასევე დასასწრები კურსების სტუდენტური ბარათები, ან სერთიფიკატები.
♦სამედიცინო მიზეზებით მგზავრობის მსურველების და მათი თანმხლები პირებისათვის:
- სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო მომსახურების აუცილებლობას აღნიშნულ დაწესებულებაში და თანმხლები პირის საჭიროებას. აღნიშნულ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო სახსრების არსებობის დამადასტურებელი საბუთი.
♦ჟურნალისტებისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მათი თანმხლები, აკრედიტებული პირებისათვის:
- პროფესიული ორგანიზაციის მიერ გაცემული მოწმობა, ან სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტი არის კვალიფიციური ჟურნალისტი, ხოლო მისი თანმხლები პირი ეხმარება მას პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. აღნიშნულ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს დამქირავებლის მიერ გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ მგზავრობის მიზეზი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება, ან დახმარებაა.
♦საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეებისათვის და პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მათი თანმხლები პირებისათვის:
- წერილობითი თხოვნა მასპინძელი ორგანიზაციის, შესაბამისი სახელისუფლებო ორგანოების, სპორტის ეროვნული ფედერაციის , ან წევრი ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან.
♦ბიზნესმენების და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის:
- წერილობითი თხოვნა მასპინძელი იურიდიული პირის, კომპანიის, ან მათი ფილიალებისგან, ორგანიზაციის ან ოფისისაგან; ასევე, წევრი ქვეყნების სახელმწიფო, ან ადგილობრივი ხელისუფლებისგან, ღონისძიების ორგანიზატორი კომიტეტების, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე გამართული სავაჭრო და სამრეწველო გამოფენების, კონფერენციების და სიმპოზიუმებისგან, რომელიც დამოწმებულია საქართველოს რეგისტრაციის სახელმწიფო პალატის მიერ.
♦საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებსა და სხვა მსგავს ღონისძებებში მონაწილე პროფესიების წარმომადგენლებისათვის, რომლებიც რეგულარულად მგზავრობენ წევრქვეყნებში:
- წერილობითი თხოვნა მასპინძელი ორგანიზაციისგან, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტი მონაწილეობას ღებულობს აღნიშნულ ღონისძებაში.
♦სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც წევრ ქვეყნებში მიემგზავრებიან სასწავლო ტრენინგებში, სემინარებსა და კონფერენციებში, ასევე გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად:
- წერილობითი თხოვნა მასპინძელი ორგანიზაციისგან, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელია. წერილობით თხოვნასთან ერთად, წარდგენილი უნდა იყოს შესაბამისი რეესტრიდან სახელმწიფო ორგანოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით გაცემული, ორგანიზაციის რეგისტრაციის მოწმობა.
♦სამეცნიერო, კულტურულ, სამხატვრო საქმიანობაში, ასევე, საუნივერსიტეტო და სხვა გაცვლითი პროგრამებში მონაწილე პირებისათვის:
- წერილობითი მოწვევა მასპინძელი ორგანიზაციისგან, ზემოხსენებულ საქმიანობებში მონაწილეობის მისაღებად.
♦მძღოლებისათვის, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებენ საერთაშორისო ტვირთებისა და მგზავრების ტრანსპორტირების სერვისს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე:
- ეროვნული კომპანიის, ან საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი, საქართველოს გადამზიდავთა ასოციაციის მიერ გაცემული წერილობითი თხოვნა, რომელშიც მოცემულია მგზავრობის მიზეზი, ხანგრძლივობა და სიხშირე.
♦დაძმობილებული ქალაქების მიერ ორგანიზებული ოფიციალური გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისათვის:
- წერილობითი თხოვნა აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციის უფროსის/მერის, ან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან.
♦სამხედრო და სამოქალაქო სასაფლაოების მონახულებისთვის:
- ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საფლავის არსებობას და ასევე, აპლიკანტსა და გარდაცვლილს შორის ოჯახური, თუ სხვა ურთიერთობის დამადასტურებელ მოწმობა.

შენიშვნა: ხელშეკრულება არ ვრცელდება გაერთიანებულ სამეფოზე, ირლანდიასა და დანიაზე.

რეადმისიის ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არალეგალური მიგრაცის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასა და განმტკიცებას. ასევე, კანონიერ ჩარჩოებში აქცევს არალეგალი მიგრანტების დაბრუნების პროცედურას.

ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო ვალდებულებას იღებს დაიბრუნოს ყველა ის პირი, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება იმ პირობით, თუ დამტკიცდა, რომ ეს პირები საქართველოს მოქალაქეები არიან.

საქართველო, ასევე, ვალდებულებას იღებს განახორციელოს ზოგიერთი მესამე ქვეყნის მოქალაქის რეადმისია, მათ შორის:

- მესამე ქვეყნის მოქალაქეების, რომლებიც ევროკავშირის სივრცეში პირდაპირ, უკანონოდ, საქართველოს ტერიტორიიდან მოხვდნენ;

- საქართველოს საელჩოსათვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ რეადმისიის შესახებ განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ საქართველოს მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას.

რეადმისიის პროცესში ჩართულია ევროკავშირში არსებული საქართველოს ყველა საკონსულო და დეტალურად გაწერილია ყველა ფუნქცია თუ მოვალეობა, რაც ხელს უწყობს უხცოეთში თუნდაც უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას.

ხელშეკრულებაში ასევე დეტალურად არის გაწერილი რეადმისიის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები და პრინციპები, კერძოდ:

- მოქალაქეობის დამამტკიცებელი დოკუმენტაციის ნუსხა;

- მესამე ქვეყნის მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული მტკიცებულებების ნუსხა;

- რეადმისიის პროცესის ვადები;

- რეადმისიას დაქვემდებარებული პირების გადაცემისა და ტრანსპორტირების საკითხები;

ვიზის გამარტივების ხელშეკრულებისა და რეადმისიის ხელშეკრულების ფარგლეში შეიქმნა საქართველო-ევროკავშირს შორის ერთობლივი კომიტეტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და ინფორმაციის რეგულარულ გაცვლას.

სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებათა წარმატებული განხორციელების და ასევე, სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში წარმატებული რეფორმების შედეგად, 2012 წლის 4 ივნისს, საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი ოფიციალურად გაიხსნა.

გარდა ამისა, საქართველოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები და რეფორმები, რომელმაც ხელი შეუწყო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით წარმართვას. შედეგად, 2013 წლის 25 თებერვალს, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისრის სესილია მალსტრომის ვიზიტის დროს საქართველოს მთავრობას გადაეცა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.

სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია საქართველოს მიერ განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით სტანდართული ოთხი ბლოკის მიხედვით (დოკუმენტების უსაფრთხოება; არალეგურალური მიგრაცია; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; საგარეო ურთიერთობები და ადამიანის უფლებები), რომლის წარმატებულად აღსრულების გზით, სამომავლოდ შესაძლებელი გახდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება.

ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შედგება პირველი - საკანონმდებლო და მეორე-საიმპლემენტაციო ფაზებისაგან. საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ წლის ბოლომდე დასრულდეს პირველი ფაზის შესრულება და გადავიდეს მეორე ფაზის შესრულებაზე.