შეხვედრა ქრისტიან დანიელსონსა და თომას მაირ-ჰარტინგთან

13 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს ქრისტიან დანიელსონსა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაციისა და მონიტორინგის პროცესის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. „შთამბეჭდავია საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები და შესაშურია თქვენი გადაწყვეტილების სიმტკიცე, რომ განაგრძოთ ამ გზაზე წინსვლა", აღნიშნა ქრისტიან დანიელსონმა.

მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის სამზადისსა და ქართული მხარის კონკრეტულ პრიორიტეტებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ასევე, რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის ფინანსური დახმარების მნიშვნელობასა და საქართველოს ახალი დახმარების ინსტრუმენტებსა და პროგრამებში ჩართულობის შესაძლებლობის საკითხს.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში „ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით"-განაცხადა ვიტორ დოლიძემ დანიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ.
  • კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა 2017 წლის 20 სექტემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც განხილეს კონფლიქტის მოწესრიგებისა და შერიგების საკითხი. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდა.
  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში „ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის."-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ ისლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტირებისას.