ვიქტორ დოლიძის გამოსვლა საპარლამენტო კონფერენციაზე

5 დეკემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო თბილისში მიმდინარე საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციის
„ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ მუშაობაში.

ვიქტორ დოლიძე სიტყვით გამოვიდა საპარლამენტო კონფერენციის სესიაზე: „კავშირების გაღრმავება ევროკავშირსა და მის პარტნიორებს შორის - რეალობები, პერსპექტივები და მეთოდები“ და  საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების წარმატებით შესრულებასა და საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმასთან.

„აღმოსავლეთ პარტნიორობაზე“ საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში გამართული სამიტის შედეგები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ სამიტის ფარგლებში მიღებული დოკუმენტი „20 შედეგი 2020 წლისთვის“, რომელიც თანამშრომლობის პრაქტიკულ შედეგებზე არის ორიენტირებული, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი მიზნების განხორციელებაში დაეხმარება.

თავის გამოსვლაში ვიქტორ დოლიძემ  ყურადღება აგრეთვე გაამახვილა რეგიონში გაძლიერებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და ამ მხრივ სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაზე ისაუბრა. ასევე, განსაკუთრებით აღნიშნა  ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა.

სხვა ამბები