ვიქტორ დოლიძემ „თბილისის სტრატეგიულ დისკუსიებში“ მიიღო მონაწილეობა

5 დეკემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისიტრმა ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ კონფერენციაში „თბილისის სტრატეგიული დისკუსიები 2017“.

დისკუსიის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა  საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, თანამედროვე გამოწვევებზე, საფრთხეების იდენტიფიცირების მნიშვნელობასა და მათი გადაჭრის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ვიქტორ დოლიძემ ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა. სახელმწიფო მინისტრის თქმით, გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვენლოვანია, რომ ის სარგებელი, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოაქვს საქართველოში, იყოს სათანადოდ გაცნობიერებული და ახსნილი საქართველოს მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა, ასევე, მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ეკონომიკის, განათლების, მმართველობისა და სივრცითი მოწყობის განვითარებას.

სხვა ამბები