ვიქტორ დოლიძე კონფერენციაზე „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“

11 დეკემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის რიგით მე-2 ერთობლივი კონფერენციის: „საქართველო ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე, განხორციელების მონიტორინგის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლსა და ნოემბერში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებზე.  „ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გამჭირვალობას და ინკლუზიურობას და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის ექსპერტული ცოდნა, რომელიც საქართველოს არასამთავრობო სექტორშია აკუმულურებული. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს შორის, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოება ჩართო ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დაგეგმვის, შესრულებისა და მონიტორინგის პროცესში და წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკა დაამკვიდრა.“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

კონფერენციის მსვლელობისას, რომელის მუშაობაშიც  ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ინსტიტუტების, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ, სხვასხვა სექტორის მიხედვით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების  მიმდინარეობაზე იმსჯელებენ.  

სხვა ამბები